ძნელი სათქმელია, როდის და სად გამოქვეყნდა პირველი ქართული კროსვორდი. ამაზე პასუხი ძველ ჟურნალ–გაზეთებში უნდა ვეძებოთ. სავარაუდოდ, ის რუსეთიდან შემოვიდა, სადაც პირველად 1929 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ოგონიოკში“. საბჭოთა კავშირის დროს კროსვორდს თავისი იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონია. „ვიკიპედიის“ მიხედვით, მას უნდა აემაღლებინა მკითხველის ინტელექტი. მართლაც, როცა გადავხდე რამდენიმე საბჭოთა კავშირისდროინდელ კროსვორდს, საკმაოდ რთული მეჩვენა. მკითხველს ის ბოლომდე რომ ამოეხსნა, მოუწევდა რუკების და სხვადასხვა ენციკლოპედიის მოშველიება.
კროსვორდის შევსების წესს 1995 წელს გავეცანი და დიდად დამაინტერესა. შეიძლება ითქვას, საკროსვორდო შიმშილი დამეწყო, რომელსაც იმდროინდელ გაზეთებში გამოქვეყნებული თითო კროსვორდი ვერ კლავდა, საჭირო იყო კროსვორდების გაზეთის ყიდვა. პირველად 1996 წელს გაზეთი „ფანტაზია“ აღმოვაჩინე.
გაზეთი სულ ერთი A3 ფორმატის ფურცლისგან შედგებოდა. მასში არაერთი საინტერესო საკროსვორდო ექსპერიმენტი განხორციელდა. ფანტაზია იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა საკროსვორდო გაზეთის სახით, რომელიც მხოლოდ თავსატეხებს არ ბეჭდავდა და მკითხველს ესაუბრებოდა. მასში მრავალი საინტერესო კროს–ექსპერიმენტი ტარდებოდა და სხვადასხვა კონკურსს ატარებდა. მალე ახალი სახის გასართობი გამოჩნდა ე.წ. კაიფვორდის სახით. თავიდან ვერ გავიგე კითხვების მუღამი და კარგა ხანი დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რატომ იყო დანამული ცხვარი ნამცხვარი და ქალაქი, სადაც ტაშს უკრავენ და კენტს ეწევიან ტაშკენტი. კაიფვორდის ბუმმა სადღაც 3–4 წელს გასტანა (1997–2000).
გაზეთ „სირაქლემას“ კაიფვორდები ქართველი მხატვრების ნამუშევრებით იყო გაფორმებული.
„ფაიზაღის“ კაიფვორდები კი ძველთბილისური თემატიკის ამსახველი ნახატებით იყო გაფორმებული.
ხანდახან მეც ვაქვეყნებდი კროსვორდს ზუგდიდის მოსწავლეთა გაზეთ „სარკმელში“. აქ გაზეთის სახელი კროსვორდის ბადით გამოვსახე.
ამათ გარდა, გამოიცემოდა გაზეთები „ერუდიტი“, „ინტუიცია+ერუდიცია“, „კროსშოუ“, „კარუსელი“ და ა.შ.
საბოლოოდ, კროსვორდი ჩაანაცვლა სკანვორდმა, დღევანდელ ჟურნალ–გაზეთებში მას ნაკლებად ვხვდებით. ამის უმთავრესი მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ მისი შევსება გააადვილა ინტერნეტმა და სხვადასხვა საკროსვორდო ცნობარმა.







როგორ მიყვარს კროსვორდების შევსება, ჭკუა მეკეტება <3 ყველანაირ თავსატეხზე ვგიჟდები და 90-იანებში მეც მქონდა ბუმი, სახლში დასტა-დასტა მეწყო ძველი ნომრები და პასუხ გაუცემელ კითხვებს ძალიან ხშირად ვუბრუნდებოდი ხოლმე ახლად მიღებული ინფორმაციებით. კარგი პოსტია.